All for Joomla All for Webmasters

11 წამი და საქართველოს გამარჯვება

თამაშის დამთავრებამდე 11 წამით ადრე ანგარიში იყო 22:22, ბურთი კი ფინელებს ჰქონდათ.

თუ გაიტანდნენ, დიდი ალბათობით თამაში მათი გამარჯვებით დამთავრდებოდა და მე-7 ადგილზეც გავიდოდნენ, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვეს – საქართველოს ნაკრებმა ბურთი წაართვა, სწრაფი კონტრშეტევა ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გიორგი ცხოვრებაძემ გამარჯვების გოლი შეაგდო.

ეს გახლდათ ფინეთის და საქართველოს მეორე დაპირისპირება ამ ჩემპიონატში. პირველი თამაში, ჯგუფურ ეტაპზე, დამთავრდა ფრედ — 25:25. იმ შეხვედრაში გუნდებმა 18-ჯერ გაუთანაბრეს ერთმანეთს ანგარიში. მე-7 ადგილისთვის მატჩში იმავე გუნდებმა ანგარიში 17-ჯერ გაათანაბრეს.

ამ შეხვედრის შედეგად საქართველომ ჭაბუკთა ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ფინეთმა მე-8.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქართველთაგან საუკეთესოდ 12 გოლის ავტორი, უკანახაზელი გიორგი ცხოვრებაძე დაასახელეს, ხოლო ფინელთაგან მეკარე იოონას კლამა.

მატჩის შემდეგ ფინეთის ნაკრების მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კომენტარზე უარი თქვეს.

გიორგი ცხოვრებაძე: დღევანდელი თამაში ჩვენთვის ბოლო იყო. ძალიან გვინდოდა მოგება და ყველანი აბსოლუტურად ბოლომდე დავიხარჯეთ, ერთმანეთს მხარში დავუდექით და გავიმარჯვეთ, რამაც გამახარა. გამახარა იმანაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, მაგრამ ეს გუნდის დამსახურება იყო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ისინ ჩვენს თამაშებს ესწრებოდნენ და გვერდში გვედგნენ. დიდი მადლობა ფედერაციას. დღეს ჩვენს გუნდს 10-დან 8-ს დავიწერდი.

ტიტე კალანდაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: ნიკა კალანდაძემ იმიტომ არ ითამაშა, რომ შეუძლოდ იყო და მისი არყოფნა ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. რაც შეეხება თამაშს, ვიტყვი, რომ ძალიან გაგვიჭირდა თავდასხმაში. იყო შეცდომები დაცვაშიც. გამოუცდელობის თუ გადაღლილობის გამო, ზოგმა ცალკეულ ეპიზოდებში საკუთარი თავი დაკარგა. და მაინც დღეს ჩვენ იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ ბიჭებმა თავი დადეს, მეტოქე კი შეკრთა. სპორტულ ჟარგონზე რომ თქვათ, ცოტა შეშინდნენ, თორემ ბურთს კარგად ატარებდნენ, მაგრამ შეტევის დროს ხანდახან კარგავდნენ ბურთს. ბოლო მომენტი კი ჩვენმა საუკეთესო მოთამაშემ დააგვირგვინა. დღეს ჩვენს თამაშს 10-დან 6-ს დავუწერდი.

საქართველო 23:22 ფინეთი