All for Joomla All for Webmasters

მეცხრე ესტონეთია, მეათე – საბერძნეთი

ესტონეთის ჭაბუკთა ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში ერთბურთიანი უპირატესობით დაამარცხა ბერძენ თანატოლთა გუნდი და მე-9 ადგილზე გავიდა. საბერძნეთი ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე დარჩა.

მართალია, ესტონელებმა ერთხელაც ვერ შეძლეს ისე დაწინაურებულიყვნენ, რომ თუნდაც ცოტა ხნით ამოესუნთქათ – საბერძნეთმა ანგარიში პირველ ტაიმში ერთხელ, ხოლო მეორეში ხუთჯერ გაათანაბრა – მაგრამ მეტოქე წინაც არ გაუშვიათ.

ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს 15 ნომრები, ესტონელთაგან 7 გოლის ავტორი ალფრედ ტიმო, ხოლო ბერძენთაგან 9 გოლის ავტორი გრიგორიოს ციმპულასი.

ალფრედ ტიმო: საბერძნეთთან კარგი მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, ყველაზე ძნელი გოლების გატანა იყო. რთული იყო მეორე ტაიმიც, როდესაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა და ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ჩინებულად ითამაშა ჩვენმა მეორე მეკარემ რენე ვაჰუმ. ამ ჩემპიონატზე შესანიშნავი გუნდი და მწვრთნელი გვყავდა. დღეს ჩვენს თამაშს ათიდან ცხრა ქულით შევაფასებდი.

გრიგორიოს ციმპულასი: დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ, რადგან დავმარცხდით. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე სწრაფი კონტრშეტევაა, მაგრამ ეს ხერხი ამ ტურნირზე ხშირად ვერ გამოვიყენეთ. ჩვენს თამაშს ათიდან ხუთი ქულით შევაფასებდი. ჩემპიონატი მაღალი ხარისხისა იყო, მასში ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ.

ესტონეთი 23:22 საბერძნეთი