All for Joomla All for Webmasters

იტალია ჩემპიონი გახდა

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს. იტალიის ნაკრებმა ტურნირზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა, ყველა თამაში მოიგო და თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში” შეკრებილ გულშემატკივარს თავი ლამაზი ხელბრთით დაამახსოვრა.

ფინალში იტალიამ ბელარუსი დაამარცხა. ეს იყო შეხვედრა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ღირსეული მეტოქეები იდგნენ, მაგრამ იტალიელებმა მეტოქეს ერთხელაც არ მისცეს წინ გასვლის საშუალება. მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის 23-ე წუთზე შეძლო ბელარუსმა ანგარიშის გათანაბრება, მეორე ტაიმში კი ახლა უკვე ევროპის ჩემპიონმა მოუმატა და მის უპირატესობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი გახდა. თამაშის მიწურულს ის ორჯერ 8 ქულით უგებდა მეტოქეს.

ბელარუსი დამსახურებულად გავიდა მეორე ადგილზე. მან ჩემპიონატში ორჯერ წააგო, ფინალში და ჯგუფში საქართველოსთან.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ იტალიალთეგან 9 გოლის ავტორი სიმონე მენიონი დაასახელეს, ხოლო ბელარუსთაგან 7 გოლის ავტორი იაჰორ ბუძეიკა.

ჯუზეპე ტედესკო, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან იტალიამ პირველად მოიგო ასეთი მაღალი დონის შეჯიბრება. ამწუთას მეცხრე ცაზე ვართ. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რომელთაც ექვსი დიდებული შეხვედრა ჩაატარეს. დიდი მადლობა მთელ სტაფს. რასაკვირველია, ჩემს გუნდს 10-დან 10 ქულას დავუწერდი.

სიმონე მენიონი: თამაშის დასაწყისი ძნელი გამოდგა, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით ვთამაშობდით და გავიმარჯვეთ. დღეს ჩვენთვის დიდი დღე გამოდგა. ჩვენ ჩემპიონები გავხდით და ბედნიერები ვართ.

ალეჰ შარეიკა, ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: იტალიის ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა. თბილისში ისინი ყველას სჯობდნენ.

იაჰორ ბუძეიკა: თავიდან ნამდვილი თვითმკვლელობით დავიწყეთ, ბურთს ნაჩქარევად ვტყორცნიდით, მაგრამ შემდეგ ბიჭები დაწყნარდნენ და ანგარიში გავათანაბრეთ კიდეც. ვფიქრობ, სიმშვიდე რომ შეგვენარჩუნებინა, გამარჯვების შანსი გვექნებოდა. იტალიელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ. იტალიელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ათიდან ათს დავუწერდი.

იტალია 31-26 ბელარუსი