All for Joomla All for Webmasters

ბრინჯაო შვეიცარიას!

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე მასამე ადგილი შვეიცარიის ნაკრებს ერგო – ერთადერთმა გუნდმა, რომელსაც სამშობლოდან ენერგიული გულშემატკივრები ჩამოჰყვნენ და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ხმაურიანი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ ხელბურთელებს, მაკედონიას ოთხი გოლის სხვაობით მოუგო.

მატჩი მესამე ადგილისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა. საკმარისია ითქვას, რომ მეტოქეებმა თექვსმეტჯერ გაუთანაბრეს ერთმანეთს ანგარიში. თუმცა, მეორე ნახევრის 21-ე წუთის შემდეგ (ამ მომენტისთვის იყო 28:28) მაკედონიელებს მეტოქესთან შედარებით ძალა და დაჟინება დააკლდათ.

მაკედონია და შვეიცარია ჩემპიონატის პირველ ეტაპზე „ა” ჯგუფში ერთად იყვნენ, ასე რომ ეს მეტოქეთა მეორე დაპირისპირება იყო. პირველი მატჩი დამთავრდა მაკედონიელთა გამარჯვებით 32:31.

მესამე ადგილისთვის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს მაკედონიელთაგან გარემარბი ნენად კოსტესკი (6 გოლი), ხოლო შვეიცარიელთაგან 8 გოლი ავტორი სამუელ ზენდერი.

დანილო ბრესტოვაცი, მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ამ ჩემპიონატზე ეს იყო ჩვენი ბოლო თამაში, რომელშიც, სამწუხაროდ, შვეიცარიამ გვაჯობა. მეტი გვინდოდა. ახლა უნდა გავაანალიზოთ რა გავაკეთეთ არასწორად და შეცდომები გამოვასწოროთ. ჩვენს გუნდს ზედიზედ ორი რთული მატჩის ჩატარება მოუხდა, ნახევარფინალში და დღეს

ნიკო პეტერი, შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: დიდი მონდომებით ვიბრძოლეთ. ასეთ შეჯიბრებაში ჩვენს ბევრ ხელბურთელს არასდროს ეთამაშა, მაგრამ ამ შეხვედრაში მთელი გული და სული ჩავდეთ. და გაგვიმართლა, ბიჭებმა ეს შეძლეს. კარგი ფინიში კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც სამშობლოში ამაყად, აწეული თავით ბრუნდები. გუშინდელი მარცხის შემდეგ ბიჭებისთვის საბრძოლო განწყობილების შექმნა ძნელი იყო, მაგრამ მათ ეს შეძლეს. დღეს ჩემს გუნდს ათიდან ათ ქულას დავუწერდი

შვეიცარია 35:31 მაკედონია