All for Joomla All for Webmasters

საბერძნეთი მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს

ლიეტუვასთან საბერძნეთის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ლიეტუველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მეორე ტაიმის 21-ე წუთზე სხვაობა ერთამდეც კი შეამცირეს.

ამის მიუხედავად გამარჯვება ბერძნებს დარჩათ და ხვალ ისინი 9-10 ადგილებისთვის „ა” ჯგუფის მეხუთე გუნდს, ესტონეთის ნაკრებს შეხვდებიან. ლიეტუვა მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.

ბერძნებისგან საუკეთესო მოთამაშედ კვლავ მეკარე პანაგიოტის პაპანტონოპულოსი დაასახელეს, ლიეტუველთაგან კი 6 გოლის ავტორი ვლადას ტომკევიჩუსი გამოარჩიეს.

იოანის არვანიტისი, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: მეტოქე სულ შვიდი მოთამაშით გვიტევდა და ჩვენს დაცვას ამ პრობლემასთან მოუხდა გამკლავება. მეტწილად ამოცანას თავი გავართვით, ამასთან რამდენიმე იოლი გოლიც გავიტანეთ. დღევანდელ თამაშს მობილიზებულები შევხვდით და ახლა ხვალინდელი მატჩისთვის მოვემზადებით.

ბენდაუგას ანდრიუშკა, ლიეტუვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ასეთ შეჯიბრებებში კარგად რომ გამოვიდეთ მეტი პრაქტიკა გვჭირდება. მოთამაშეები ინდივიდუალურად არ იყვნენ მზად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მართებთ. დღეს ჩემს გუნდს უდაბლეს ნიშანს დავუწერდი.

ლიეტუვა 19:25 საბერძნეთი