All for Joomla All for Webmasters

ფარერებმა პენალტებით გაიმარჯვა

ჭაბუკთა ევროპის პირველობის ფლეი-ოფის ეტაპზე ეს იყო პირველი შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც პენალტების სერიამ გამოვლინა. ძირითადი დრო ფრედ 27:27 დასრულდა.

ფარერელებმა ინიციატივა თავიდანვე იგდეს ხელთ, დაცვაში საიმედოდ შეტევაში კი მწვავედ და პირველი ტაიმი 17:12 მოიგეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში სულ სხვა ხელბურთი შესთავაზა „ოლიმპიურ სასახლეში” შეკრებილ მაყურებელს.

ტურნირის მასპინძლებმა მნიშვნელოვნად გამოასწორეს როგორც დაცვა ასევე შეტევა და მე-12 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ მეტოქეებმა 9-ჯერ გაათანაბრეს ანგარიში. გუნდები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს, შეხვედრა ემოციური და სანახაობრივი გამოდგა.

პენალტების სერიაში ფარერელებმა იყოჩაღეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფარერებიდან გუნდის აშკარა ლიდერი, უკანახაზელი ელიას სკიპაგოტუ დაასახელეს, რომელმაც 13 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან ხაზის მოთამაშე გიორგი ლაპიაშვილი – 8 გოლი.

ტურნირის ბოლო დღეს ფარერების ნაკრები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს, ხოლო საქართველო მეშვიდესთვის.

ბირგირ ჰანსენი, ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სანახაობრივი თამაში გამოვიდა, რომლის მეორე ტაიმიც მეტად დაძაბული იყო. პირველ ტაიმში გაგვიადვილდა, მეორეს დასაწყისში კი ორ-ორი წუთით ბევრი ხელბურთელი გაგვიძევეს, რამაც ჩვენი თამაში ჩაშალა. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ჩემს გუნდს ათიდან ათს დავუწერდი.

ტიტე კალანდაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: პირველი 15 წუთი ბავშვები წნეხის ქვეშ თამაშობდნენ, რადგან არ იცნობდნენ მოწინააღმდეგეს და როდესაც მიხვდნენ რას წარმოადგენდნენ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ფორით დავაწყებინეთ პირველი 15 წუთი. წარმოიდგინეთ, რომ პირველი 15 წუთი არ გვითამაშია. ეს რისი ბრალია? გამოუცდელობის. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ყველა გუნდს რომ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. ბიჭებს ბოლო 20 წუთში 10-დან 10 დავუწერ.

გიორგი ლაპიაშვილი: თამაში დავიწყეთ ძალიან ცუდად. მივეცით მოწინააღმდეგეს საშუალება წინ გასულიყო. შემდეგ ვიბრძოლეთ, ამოვქაჩეთ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ გაგვემარჯვა. თამაშს 10-დან 7-ით შევაფასებდი.

ფარერები 32:30 საქართველო